სიახლეები

Apr 30, 2020

გაიგეთ გეკუთვნით თუ არა კომპენსაცია

ხშირად დასმული კითხვები საგადასახადო შეღავათებით სარგებლობასთან და კომპენსაციებთან დაკავშირებით

 

საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება

2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის განმავლობაში, თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც დაქირავებით არიან დასაქმებულები და ამ 6 თვიან პერიოდში, თითოეულ თვეში მათი ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.

- აღნიშნული შეღავათის მიზანი:

აღნიშნული შეღავათის მიზანია, დამსაქმებლებს შეუმცირდეთ ყოველთვიური ხარჯები და ჰქონდეთ შესაძლებლობა მაქსიმალურად მეტი სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და დაქირავებულ პირებს აუნაზღაურონ მათი ხელფასები;

- ვინ ერთიანდება დამსაქმებლის ცნების ქვეშ ?!

დამსაქმებელი მოიცავს ყველა ტიპის საწარმოს, მათ შორის, კომპანიებს, საწარმოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც დაქირავებული ჰყავთ ფიზიკური პირები, მათი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად უხდიან ხელფასს და ამავდროულად იხდიან საშემოსავლო გადასახადს.

- კონკრეტულად ვინ ისარგებლებს შეღავათით ?

შეღავათით ისარგებლებენ მხოლოდ კერძო სექტორში მოღვაწე ორგანიზაციები,  აღნიშნული შეღავათი არ გავრცელდება საჯარო სექტორში არსებულ ორგანიზაციებზე.

საჯარო სექტორი, ვინც ვერ ისარგებლებს შეღავათით მოიცავს:

· ყველა სამინისტროს;

· სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს - სსიპ-ებს (მათ შორის საჯარო სკოლები, თეატრები, ანსამბლები და მუზეუმები) და არაკომერციულ (არამომგებიან) იურიდიულ პირებს - ა(ა)იპ;

· მუნიციპალურ სამსახურებს და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებს და ა(ა)იპებს (მათ შორის საბავშვო ბაღები, ანსამბლები, სპორტული კლუბები და სხვა);

· სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ნებისმიერ სამსახურებს;

· სახელმწიფო საწარმოებს, რაც მოიცავს - სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტების წილი შეადგენს 50%-ზე მეტს. ასევე, ამ საწარმოების შვილობილ საწარმოებს, თუ მათი წილი შეადგენს 50%-ზე მეტს;

· ეროვნულ ბანკს;

· ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს;

- კონკრეტულად რა იგულისხმება აღნიშნულ საგადასახადო შეღავათში ?

ის საწარმოები, ვინც უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ შეღავათით, მაისი-ოქტომბრის პერიოდში, ხელფასების გაცემის დროს საშემოსავლო გადასახადს:

· საერთოდ არ გადაიხდიან იმ დაქირავებულებზე, რომელთა ხელფასიც 750 ლარი ან უფრო ნაკლებია;

· ნაწილობრივ გადაიხდიან იმ დაქირავებულებზე, რომელთა ხელფასიც მეტია 750 ლარზე და არ აღემატება 1500 ლარს. ამ შემთხვევაში დარიცხულ ხელფასს აკლდება 750 ლარი და დარჩენილი თანხა იბეგრება საშემოსავლო გადასახადით;

მაგალითად :

თუ საწარმოში დასაქმებული პირის დარიცხული ხელფასი შეადგენს 900 ლარს, აღნიშნულ თანხას აკლდება 750 ლარი და საშემოსავლო გადასახადს იხდის მხოლოდ დარჩენილ 150 ლარზე ანუ (30 ლარს)

- რა შემთვევაში გადაიხდიან დამქირავებლები სრულად საშემოსავლო გადასახადს ?!

დამსაქმებლები  სრულად გადაიხდიან საშემოსავლო გადასახადს იმ დაქირავებულებზე, რომელთა ხელფასი კონკრეტულ თვეში იქნება 1500 ლარზე მეტი;

ამასთან, ხელფასის 1500 ლარიანი ზღვარი მოქმედებს კონკრეტულ თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე.

მაგალითი:

თუ მაისში დაქირავებულზე გაიცა 1600 ლარი, ამ დაქირავებულზე საწარმო საშემოსავლო გადასახადით ვერ ისარგებლებს, მაგრამ თუ ამავე დაქირავებულზე ივნისში გაიცა 1400 ლარი, ამ შემთხვევაში ისარგებლებს შეღავათით და ივნისის საშემოსავლო გადასახადს გადაიხდის ნაწილობრივ, კერძოდ 1400 ლარს გამოაკლდება 750 ლარი და საშემოსავლო გადასახადს გადაიხდის 650 ლარზე (130 ლარს);

- როდის წარადგენს საწარმო დეკლარაციას შეღავათის ფარგლებში?

საწარმო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას წარადგენს ჩვეულ რეჟიმში, მომდევნო თვის 15 რიცხვში.

შესაძლო კითხვები:

· ნიშნავს თუ არა ეს შეღავათი რომ დაქირავებულ პირს უნდა გაეზარდოს ხელფასი?

პასუხი: პირდაპირ არ ნიშნავს, ვინაიდან ხელფასის განსაზღვრა ხდება დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის შეთანხმებით. ამ  შეღავათის მიზანია ხარჯები შეუმციროს საწარმოს ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში, და შემდგომში  საწარმოს  გადასაწყვეტია გაზრდის ხელფასს თუ დაამატებს კადრებს იგივე ხელფასით.

 

- შესაძლო კითხვა: ისარგებლებს, თუ არა ამ შეღავათით, პირი რომელიც, დაქირავებით მუშაობს ორ ან მეტ საწარმოში?

პასუხი:  ისარგებლებს. გადასახადისგან გათავისუფლდება პირის მიერ, თითოეული დამქირავებლისგან მიღებული ხელფასი 750 ლარამდე, თუ ამავე დამქირავებელთან მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.

 შესაძლო კითხვა: აღნიშნული შეღავათის მიღებასთან ერთად, ხომ არ დაკარგავს ამ საგადასახადო შეღავათის გამოყენებით, პირი სხვა შეღავათს, რომელიც მას კანონმდებლობით ეკუთვნის (მაგ: სარგებლობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილისთვის გათვალისწინებული შეღავათით ან სხვა შეღავათით) 

პასუხი: არ დაკარგავს. პირი ისარგებლებს ორივე შეღავათით.

 

 

 

სრულად
Mar 23, 2020

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მოკლე მიმოხილვა.

კორონავირუსი სამართლებრივ ჩარჩოში.
მაშინ როცა საქართველო, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად ცდილობს მოთოკოს და ჩარჩოში მოაქციოს 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა - Covid19, მნიშვნელოვანია შეფასება მიეცეს მის სამართლებრივ ჩარჩოს და გაანალიზდეს რა შედეგებს იქონიებს იგი ბიზნესის და საბოლოო ჯამში ქვეყნის ინტერესებზე.


სახელშეკრულებო ურთიერთობები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იცნობს დაუძლეველი ძალის ცნებას, რომელსაც ხშირად იურისტები ფორს-მაჟორს უწოდებენ. იგი შესაძლოა რიგ შემთხვევებში გახდეს ხანდაზმულობის ვადის შეჩერების, გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობების მოშლის, ხელშეკრულების შეწყვეტის თუ სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძველი.
საერთაშორისო ინსტურმენტების თანახმად, ფორს მაჟორი არის:
ა) განსაკუთრებული ხასიათის დამაბრკოლებელი გარემოება
ბ) იგი არის მხარეთა კონტროლს მიღმა
გ) მისი წინასწარ გაჭვრეტა მხარეთათვის შეუძლებელია
დ) იგი შესრულებას ხდის ობიექტურად შეუძლებელს
საქართველოს სასამართლო პრაქტიკა განსაზღვრავს, რომ ფორს-მაჟორი ეს არის გარემოება, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია. ამასთან დაუძლეველი ძალის შეფასების დროს მნიშვნელობა ენიჭება კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობას, თუ რამდენად შეუძლებელი იყო მხარის ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დაუძლეველი ძალის გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილება. თუ კი არსებობს ასეთი გარემოებები, ხელშეკრულების მხარეს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება ამისთვის ხელშეკრულებით დადგენილი ვადის დაუცველად. 2020 წლის 30 იანვარს მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაციამ Covid19-თან დაკავშირებით გამოაცხადა საერთაშორისო მნიშვნელობის საჯარო ჯანმრთელობის გადაუდებელი მდგომარეობა, ხოლო 2020 წლის 11 მარტს - პანდემია. ის, რომ მისი გამომწვევი მიზეზების თავიდან არიდება რომელიმე სახელშეკრულებო ურთიერობის მხარეთა ძალისხმევით შეუძლებელი იქნებოდა, ეჭვს არ ბადებს. თუმცა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების მიხედვით, დაუძლეველი ძალის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას. დაუძლეველ ძალასა და ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა მტკიცებას საჭიროებს. ამასთან, იგი ავტომატურად არ წარმოადგენს ვალდებულების შესრულებისაგან პირის გათავისუფლების საფუძველს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია Covid19-ის თქვენს ბიზნესზე გავლენის შეფასება კონკრეტულ შემთხვევის მიხედვით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, ხელშეკრულების ტექსტში მოცემულ ფორმულირებას.


ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლი ითვალისწინებს, ხელშეკრულების დადების განმაპირობებელი გარემოებების ცვლილების შემთვევაში, მხარის მიერ ხელშეკრულების ამ შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების მოთხოვნას. შესაბამისად, თუ კი Covid19 მნიშვნელოვნად ამძიმებს თქვენ მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, თქვენ შესაძლოა, მოითხოვოთ ხელშკერულების პირობების გადახედვა. ამ შემთხვევაში, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა მიერ მოლაპარაკების პროცესის სწორად წარმოებას.
უზენაესმა სასმართლომ დაადგინა კრიტერიუმები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მოთხოვნა შესაძლოა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული:
1. შეცვლილმა გარემოებებმა უნდა გამოიწვიოს ვალდებულების შესრულების უკიდურესი დამძიმება;
2. გარემოება აშკარად უნდა შეიცვალოს ხელშეკრულების დადების შემდეგ;
3. გარემოებების შეცვლის გონივრულად გათვალისწინება ხელშეკრულების დადების დროს შესაძლებელი არ უნდა იყოს, ანუ შეცვლილი გარემოებები არ უნდა შედიოდეს დაზარალებული მხარის კონტროლის სფეროში;
4. ხელშეკრულებით არ უნდა იყოს გათვალისწინებული გარემოებების შეცვლის რისკის დაზარალებული მხარისათვის დაკისრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელშეკრულებო პირობა მოქმედებს და 398-ე მუხლის გამოყენება დაუშვებელია;
5. ხელშეკრულების შესრულების გართულება გამოწვეული უნდა იყოს სწორედ აშკარად შეცვლილ გარემოებათა გამო, ანუ არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.


შრომითი ურთიერთობები
მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა გააცნობიეროს მასზე დაკისრებული სოციალური პასუხისმგებლობა და დასაქმებულთა ინტერესები. თუმცა, Covid19-მა ზოგი ბიზნესის ოპერირება სრულად შეაჩერა ან მნიშვნელოვნად დაამძიმა. რა შემთხვევაშიც, შესაძლოა კომპანიის დიდი სურვილის მიუხედავად, შეინარჩუნოს თანამშრომლები და ამ მძიმე სოციალურ სიტუაციაში უზრუნველყოს ისინი ყოველთვიური ანაზღაურებით, ბიზნესი იძულებული გახდეს იფიქროს შრომითი ურთიერთობების შეჩერება/შეწყვეტაზე.
შრომითი ურთიერობით შეჩერების შესაძლო გზას წარმოადგენს ანაზღაურებადი ან არაანაზღაურებადი შვებულება. დასაქმებულისთვის შრომის კოდექსით უზრუნველყოფილია 24 სამუშაო დღიანი ანაზღაურებადი შვებულება, ხოლო არაანაზღაურებადი - მინიმუმ 15 სამუშაო დღე, რაც შესაძლოა მხარეთა შეთანხმებით გაგრძელდეს. რეკომენდირებულია შვებულების შესახებ მხარეთა მოლაპარაკება, იმგვარად რომ გათვალისწინებული იყოს, როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულის ინტერესები, რათა შემდგომში არ დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი.
შრომითი ხელშეკრულების შეჩერება, როგორც ბიზნესისთვის ასევე დასაქმებულისთვის წარმოადგენს უკეთეს ალტერნატივას, ვიდრე ხელშეკრულების
შეწყვეტა. რადგან ამ უკანასკნელ შემთხვევაში ერთი მხრივ დასაქმებული კარგავს სამსახურს, ხოლო დამსაქმებელი ვალდებულია გადაუხადოს მას კომპენსაცია თუ კი გათავისფულების საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.


საპროცესო ურთიერთობები
მართალია, Covid19-მა, როგორც ფორმსაჟორულმა ძალამ, შესაძლოა შეაჩეროს ხანდაზმულობის ვადის დინება, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ დაუძლეველი ძალა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ავტომატურად არ იწვევს ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას და მსგავს დაკვაშირებულ შედეგებს. არამედ აღნიშნული ფასდება ობიექტური კრიტერიუმებით. დღეის მდგომარეობით შესაძლებელია სარჩელის შეტანა ელექტრონულად, ელექტრონული სასამართლოს ვებ-გვერდზე შესაბამისი ანგარიშის არსებობის შემთხვევაში, რაც შესაძლებელს ხდის სარჩელის შეტანას გამოცხადებული საგანაგებო მდგომარეობის პირობებშიც.

სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი იურიდიული ფირმა დისტანციურ რეჟიმში რჩება თქვენთვის ხელმისაწვდომი. კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით.


გისურვებთ ჯანმრთელობას.
ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი
მომზადებულია ჩარგეიშვილის სადვოკატო დარბაზის ადვოკატის თამთა ჯღარკავას მიერ.

სრულად
Mar 22, 2020

COVID-19 როგორც ფორსმაჟორი და მისგან გამოწვეული იურიდიული შედეგები

COVID-19 როგორც ფორსმაჟორი

და

მისგან გამოწვეული იურიდიული შედეგები

ავტორი

შალვა ბუავა

შესავალი

COVID-19 იგივე კორონა ვირუსი, მსოფლიო გამოწვევად იქცა და შესაბამისად უამრავი მტკივნეული შედეგი გამოიწვია თითოეული ქვეყნისთვის და ადამიანისთვის. მან დარტყმა მიაყენა არამარტო ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, არამედ ეკონომიკას, ბიზნესს და ზოგადად ადამიანის უფლებებს რამაც უმნიშვნელოვანესი  სამართლებრივი შედეგები გამოიწვია.

თითოეული ჩვენგანი ვცხოვრობთ, ისეთ მოცემულობაში სადაც ყოველდღიურად გარკვეულ ვალდებულებებს ვიღებთ ჩვენს თავზე, ამის დასტურად ვაფორმებთ სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებას ბიზნესპარტნიორებთან, დამსაქმებლებთან და სხვადასხვა პირთან, გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგებისა და დარეგულირების მიზნით.  

იმ ფონზე, როდესაც COVID-19 მძვინვარებს მსოფლიოში და ყოველდღე იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი, უფრო მკაცრდება რეგულაციები სახელმწიფოების მხრიდან. ჩაიკეტა საჰაერო და სახმელეთო საზღვრები, დაიკეტა კაფე-ბარები, რესტორნები, საჯარო და კერძო დაწესებულებები, გაიზარდა ფასები სამომხმარებლო პროდუქტებზე,  საწვავზე, გაუფასურდა ლარი დოლართან მიმართებით, რაც დაკავშირებულია, როგორც ეკონომიკურ ასევე სამართლებრივ საკითხებთან.

გარდა იმისა, რომ ხშირად უნდა დავიბანოთ ხელები, დავიმუშავოთ სპეციალური  სადეზინფექციო ხსნარებით, დავიცვათ მკაცრად თვითიზოლაციის წესები და მოვუფრთხილდეთ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას, მნიშვნელოვანია გავიგოთ რა ბედი ეწევა ჩვენ მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, ჩვენს უფლებებს, როგორც ადამიანის ძირითად უფლებებს, რამდენად გვეზღუდება იგი, რამდენად სწორად გვეზღუდება, რა ალტერნატივები არსებობს და საერთოდ როგორ შეიძლება მოვიქცეთ მოცემულ სიტუაციაში.

ფორს-მაჟორი

კარგი იქნება თუ საუბარს დავიწყებთ, ფორსმაჟორის განხილვით და  იმის გაანალიზებით, რამდენად შეგვიძლია დღევანელი რეალობა მოვათავსოთ ფორსმაჟორულ ჩარჩოებში. ამისათვის პირველრიგში საჭიროა განიმარტოს მისი დეფინიცია და ის შემთხვევები, რომლებსაც მოიცავს ფორსმაჟორი. თუმცა სანამ განმარტებაზე გადავიდოდეთ, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ფორს-მაჟორის საკანონმდებლო დონეზე განმარტება არ გვაქვს. შესაბამისად, „ფორს-მაჟორული გარემოებები წარმოადგენენ ისეთ საგანგებო და შეუქცევად გარემოებებს, როგორიც არის სტიქიური უბედურებები, საომარი მოქმედებები, ხელისუფლების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები, ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ქარიშხალი, ეპიდემია, გაფიცვა, სამხედრო მოქმედებები, საქონლის (მომსახურების) ექსპორტ-იმპორტის აკრძალვა(ემბარგო) და სხვა“.  წინამდებარე დეფინიციიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთ ფორს-მაჟორულ გარემოებად მიჩნეულია ეპიდემია. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში გვაქვს ეპიდემიური მოვლენები, შეზღუდულია გარკვეული ორგანიზაციების ფუნქციონირება, ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდ შეჩერებულია და ამ შეზღუდვებიდან და აკრძალვებიდან გამომდინარე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზე გვაქვს ფორს-მაჟორული ვითარება. თუმცა, ეს არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს აბსოლუტურად ყველა შემთხვევაზე ვრცელდება და ვალდებულებების შესრულებისგან თავი უნდა შევიკავოთ ან ბოროტად გამოვიყენოთ არსებული ვითარება ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით.

მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ვალდებულების შესრულებისას დაუძლეველი ძალის (იგივე ფორს-მაჟორი) ეფექტი განხილულ უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და თუ ის პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ვალდებულების შესრულებასთან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოხდეს მისი შეფასება, როგორც ფორს-მაჟორი. ასევე უმნიშვნელოვანესია გავაცნობიეროთ, რომ ყოველივე ეს გამორიცხავს თვითშეფასების საშუალებას. იმისათვის, რომ კონკრეტული ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელდეს დაუძლეველი ძალა, რომელიც სცდება ადამიანის მიერ კონტროლირებად სიტუაციას, და მას ჰქონდეს იურიდიული ძალა და მნიშვნელობა, აუცილებელია მისი შეფასება მივანდოთ შესაბამის ორგანოებსა და ორგანიზაციებს, რომელთა მიერ გაცემულ დოკუმენტს გააჩნია იურუდიული ძალა და მტკიცებულებითი მნიშვნელობა სასამართლოში დავის წარმოშობის შემთხვევაში.

შრომითი ურთიერთობების ბედი არსებულ სიტუაციაში

ავადსახსენებლი მძვინვარე ეპიდემიის დროს დასაქმებულთა უმეტესობა სახლში გაუშვეს, თუმცა მათთვის უცნობია რა ვადით. ზოგიერთი მათგანი მივლენილია სახლში დისტანციურად სამუშაოდ თუ კი კონკრეტული ბინესი და მათი პროდუქტი/სერვისი იძლევა ამის საშუალებას, ზოგიერთი თვლის რომ არ იცის რა ბედი ეწევა მის სამსახურს და დაბრუნდება თუ არა. ასევე პრობლემატურია ანაზღაურების საკითხი ასეთ ვითარებაში.

შრომის კოდექსი პირდაპირ არ არეგულირებს ფორსმაჟორულ სიტუაციებს შრომით ურთიერთობებში, ეს კონკრეტული საკითხი დამოკიდებულია მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე. მნიშვნელოვანია დადგინდეს საერთოდ არის თუ არა შეთანხმება ფორსმაჟორზე, თუ არის რა მოცულობით, მოხსენიებულია თუ არა კონკრეტულად მასში ეპიდემია, პანდემია, თუ არ არის მოხსენიებული, არსებობს თუ არა ჩანაწერი იმ შინაარსით, რომელიც გულისხმობს ზოგადად ყველა ტიპის ფორსმაჟორს, რომელიც თუნდაც არ არის მოხსენიებული მაგრამ შესაძლოა მიჩნეულ იქნეს და საერთოდ როგორ არის ეს საკითხი დარეგულირებული მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით.

პირველ რიგში აუცილებელია გადაიხედოს შრომით ხელშეკრულება და მხარეები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. არსებობს რამდენიმე მიზეზი სამსახურიდან გაშვების, თუმცა ასეთ ვითარებაში კარგი იქნება თუ ორივე მხარის ინტერესები იქნება გათვალისწინებული. კერძოდ, შესაძლებელია რომ შეჩერდეს შრომითი ხელშეკრულება რაც არ გულისხმობს სამსახურიდან გაშვებას და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეჩერებასაც აქვს გარკვეული მიზეზები, რასაც გვთავაზობს მოქმედი შრომის კოდექსი, მაგრამ კონკრეტული მუხლი პირდაპირ არაფერს ამბობს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შრომითი ხელშეკრულების შეჩერების შესახებ. გამოსავალი აქაც არსებობს, შესაძლებელია გაფორმდეს შეთანხმება ანაზღაურებადი ან ანაზღაურების გარეშე შვებულების აღების შესახებ. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე რთულია იმაზე საუბარი, რამდენად დათანხმდება დამსაქმებელი იმაზე, რომ დასაქმებულს ასეთ ვითარებაში მისცეს ანაზღაურებადი შვებულება. აღნიშნული საკითხიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასებითია. შეგახსენებთ, რომ შვებულება, ეს არის დასაქმებულის უფლება და იგი ფორმდება მისი მოთხოვნის შემთხვევაში. დამსაქმებელის იძულება გაფორმდეს ანაზღაურების გარეშე შვებულება, არის კანონის უხეში დარღვევა და დასაქმებული არ არის ვალდებული დაემორჩილოს მის მოთხოვნას. თუმცა თუ ეს იქნება განხილული, როგორც შეთავაზება კრიზისული სიტუაციის სამართავად და ექნება თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე ორმხრივი შეთანხმების ხასიათი, ეს შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც მხარეთა შორის კონსესუსი და არა იძულება.

შრომით ურთიერთობების შეჩერების დროს მნიშვნელოვანია დასაქმებულებს შეუნარჩუნდეთ სამუშაო ადგილები, თუ ამის საშუალებას იძლევა არსებული რეალობა და ბიზნესი. შესაძლოა ეპიდემიურმა სიტუაციამ იმდენ ხანს გასტანოს, რომ ბიზნესს არ მისცეს ამოსუნთქვის საშუალება და იძულებული იყოს ეკონომიკური მდგომარეობის გამო შეამციროს სამუშაო ძალა. ასეთ ვითარებაში შესაძლოა თავად თანამშრომელმა გამოთქვას სურვილი გარკვეული პერიოდით იმუშავოს უფასოდ, დაეხმაროს კომპანიას კრიზისიდან გამოსვლაში და შეინარჩუნოს სამუშაო ადგილი. რა თქმა უნდა ეს დამოკიდებულია თანამშრომლის კეთილ ნებაზე, თვითშეგნებაზე, მაღალი კორპორატიული კულტურის ქონაზე და იმ საქმის სიყვარულზე, რასაც აკეთებს კონკრეტულ კომპანიაში.  აუცილებელია, ასევე გათვალისწინებულ იქნეს დასაქმებულის ეკონომიკურ-ფინანსური მდგომარეობა, გამომდინარე იქიდან, რომ ესეთ ვითარებაში ფული თითოეული ადამიანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ დამსაქმებელი ვალდებულია, სამსახურიდან დროებით გაშვებამდე ნამუშევარი დრო აუნაზღაუროს დასაქმებულს. გარდა ამისა მნიშვნელოვანია იმ საკითხის განხილვა, თუ დასაქმებული ინფიცირებულია ვირუსით, რომელიც იძულებულს ხდის მას იმყოფებოდეს კარანტინში ან თვითიზოლაციაში და დამსაქმებელი მას ავალდებულებს სამსახურში გამოცხადებას. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ დამსაქმებელი ვალდებულია პასუხისმგებლობით მოეკიდოს დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას და არ დააყენოს რისკის ქვეშ საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობა. ასეთ ვითარებაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ დასაქმებული არის დროებით შრომის უუნარო რასაც ამტკცებს სამედიცინო დოკუმენტი, ან სულაც შესაძლოა დასაქმებულს შესწევდეს უნარი იმუშაოს დისტანციურად მიუხედავად იმისა, თუ სად და როგორ ვითარებაში იმყოფება იგი, ამისათვის მთავარია, რომ მას ხელს უწყობდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, და გარემო პირობები. აღსანიშნავია, რომ შრომის კოდექსის 35 მუხლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. გარდა ამისა, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების პრევენციული სისტემის დანერგვა, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს დასაქმებული პერსონალური დამცავი აღჭურვილობით, მიიღოს ყველა სხვა გონივრული ზომა დასაქმებულის უსაფრთხოებისათვის და მისი ჯანმრთელობის დასაცავად. დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და აუცილებელი მკურნალობის ხარჯები.

სამოგზაურო ხელშეკრულება და მოგზაურობა

ალბათ ყველასთვის საინტერესო და ერთ-ერთი გამოწვევაა დღევანდელ დღეს მოგზაურობა, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბევრი მოგზაური/ტურისტი დაზარალდა იმით, რომ გადაიდო ფრენები ან საერთოდ გაუქმდა. მსოფლიოს უმრავლესმა ქვეყნებმა ჩაკეტეს საზღვრები და აღარ ხდება ქვეყნებს შორის მიმოსვლა.

რა ხდება ამ დროს? რა სამართლებრივი ბერკეტები არსებობს ტურისტული კომპანიებისა და ტურისტებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ კორონა ვირუსის გავრცელების გამო, რაც შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ფორსმაჟორულ გარემოებად.

იმისათვის, რომ კონკრეტული სიტუაციები შეფასდეს, აუცილებელია გაიმიჯნოს ტურისტს გაფორმებული ჰქონდა მოგზაურობის ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან, რომელმაც დაგეგმა მოგზაურობა და აწვდიდა შესაბამის სერვისს, თუ თავად ჰქონდა დაგეგმილი კონკრეტული მარშრუტი.

სამოქალქო კოდექსის 657-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „ტურიზმის ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული საწარმო) მოვალეა გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება. ტურისტი მოვალეა მოგზაურობის მომწყობს გადაუხადოს შეპირებული ანაზღაურება გაწეული მომსახურებისათვის“.  გარდა ამისა მოგზაურობის მომწყობი ასევე ვალდებულია ტურისტს მიაწოდოს მხოლოდ და მხოლოდ სწორი და უტყუარი ინფორმაცია, რომელიც არ უნდა შეიცავდეს ყალბ, არასათანადო და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას. ასევე უმნიშვნელოვანესია, ასეთი ინფორმაცია მიწოდებულ იქნეს არა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, არამედ მანამდე და თავად ტურისტმა გადაწყვიტოს ინფორმაციის საფუძველზე უღირს თუ არა ხელშეკრულების გაფორმება. სწორ და უტყუარ ინფორმაციაში დღევანდელი პირობების გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მოგზაურობის მომწყობმა კომპანიამ ზუსტად იცოდეს სრულდება თუ არა ფრენები კონკრეტული მიმართულებით და ხომ არ არის გადადებული ან გაუქმებული. საინტერესოა როგორ ხდება ურთიერთობების დარეგულირება იმ შემთხვევაში, თუ ტურისტმა მიიღო ფრენებთან დაკავშირებით ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია, იმ მომენტში როდესაც მან იკითხა, მაგრამ გამგზავრების წინ შეიტყო, რომ აღარ სრულდება ფრენები და ტურისტული პაკეტის თანხა გადახდილია სრულად? ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ მოგზაურობის მომწყობი ვალდებულია ტურისტს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ, თუ მისთვის ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით ცნობილი იყო ფრენების გადადების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ტურისტული პაკეტი და მომსახურება ჩათვალოს ხარვეზიანად და ტურისტს შეუძლია მოითხოვოს ხარვეზის აღმოფხვრა, ხოლო მოგზაურობის მომწყობი უფლებამოსილია უარი თქვას ასეთი ხარვეზის გამოსწორებაზე, თუ ის მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს. ასეთ შემთხვევაში ტურისტს შეუძლია თავად გამოასწოროს ხარვეზი და შემდეგ მოითხოვოს მისი ანაზღაურება. ამ შემთხვევაში ტურისტს შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მოგზაურობის მომწყობი უარს აცხადებს ხარვეზის გამოსწორებაზე, მაგრამ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მოგზაურობის მომწყობი კარგავს შეთანხმებული ანაზღაურების მიღების უფლებას, მაგრამ იგი უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ უხარვეზოდ გაწეული მომსახურების ანაზღაურება.

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ თქვენ სპეციალურად აიღეთ შვებულება სამსახურიდან და დააპირეთ სამოგზაუროთ წასვლა, ხოლო აღნიშნული მოგზაურობა ჩაიშალა მოგზაურობის მომწყობის ხარვეზის გამო ან იმიტომ, რომ იგი არაჯეროვნად იყო ორგანიზებული. თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ შვებულების უსარგებლოდ დაკარგვით გამოწვეული შესაბამისი ფულადი ანაზღაურება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 662-ე მუხლის მე-3 ნაწილის (ბ) ქვეპუქნტი, ტურისტს არ აძლევს უფლებამოსილებას მოგზაურობის დაწყებამდე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მოითხოვოს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულება წყდება დაუძლეველი ძალის გამო. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში, ტურისტს შეუძლია მოითხოვოს მოგზაურობის ვადის გასვლის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში, ხოლო მოთხოვნის ხანდაზმულობის საერთო ვადას შეადგენს 6 თვეს.

ასევე საინტერესოა როგორ უნდა მოიქცეს ტურისტი, თუ საქართველოდან გაემგზავრა მაგრამ დანიშნულების ადგილას ჩასვლის მომენტში კონკრეტულმა ქვეყანამ არ შეუშვა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დადგინდეს მოგზაურობის მომწყობის ბრალეულობა, თუ დადგინდა, რომ მისი ბრალით არის გამოწვეული ყოველივე აღნიშნული, მნიშნველოვანია ხელშეკრულებაში იყოს შეთანხმება, უკან დაბრუნების უზრუნველყოფის შესახებ ტურისტული კომპანიის ხარჯებით, მისი ბრალეულობის შემთხვევაში. ხოლო ტურისტს შეუძლია ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. იმ შემთხვევაში თუ არ დადასტურდა მოგზაურობის მომწყობის ბრალეულობა და ყოველივე აღნიშნული მოხდა კორონა ვირუსისგან გამომდინარე (დაუძლეველი ძალა) ასეთ შემთხვევებში ტურისტი და ტურისტული კომპანია თანაბრად ინაწილებენ უკან დაბრუნების ხარჯებს.  

რაც შეეხება ინდივიდებს, რომლებმაც დამოუკიდებლად დაგეგმეს და მოიწყვეს მოგზაურობა, გამოყენებულ უნდა იქნეს თავად ავია კომპანიისა და იმ პლათფორმის რეგულაციები, რომლის მეშვეობითაც არის ბილეთი შეძენილი და სასტუმრო დაჯავშნილი. ამისათვის აუცილებელია, განხილულ იქნეს პირობითად booking.com და მისი მსგავსი საიტების ხელშეკრულებები და ასევე უშუალო კონტაქტის ქონა თავად იმ სასტუმროებთან, ჰოსტელებთან თუ გესთ ჰაუსების მეპატრონეებთან, რომელიც ჰქონდა ტურისტს დაჯავშნილი.

ხანდაზმულობის ვადის დენა ფორსმაჟორულ სიტუაციებში

არსებობს სიტუაციები, როდესაც არა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები გვაქვს, არამედ ვალდებულები ვართ პროცესუალური ნორმებიდან გამომდინარე ჩავეტიოთ საპროცესო კანონმდებლობაში მოცემულ ვადებში და ისე განვახორციელოთ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვადის გაშვება შესაძლოა ძალიან ძვირად დაგვიჯდეს. დავესესხები უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს ბატონ ზურაბ ძლიერიშვილს, რომელმაც იუმორისტულ ჭრილში თქვა: „არაფერი ეშველება მიცვალებულს და გაშვებულ ვადას“. შესაბამისად, უმჯობესია განვიხილოთ მოცემული საკითხი არსებულ რეალობაში და გავიგოთ რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც გვეწურება ხანდაზმულობის ვადა პირობითად სარჩელის შეტანის, თუმცა უძლურები ვართ და ვერ შეგვაქვს გავრცელებული ეპიდემიიდან გამომდინარე, შეზღუდული გვაქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება, სასამართლოს კანცელარია არ მუშაობს და მოკლებული ვართ ყველანაირ საშუალებას.

მსგავსი სიტუაციებისთვის კანონმდებელმა გაითვალისწინა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეიტანა 132-ე მუხლი სადაც მოცემულია, თუ რა შემთხვევებში ხდება ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევად სახელდება „აუცდენელი დაუძლეველი ძალა“ . რა თქმა უნდა, აქაც ანალოგიურად, როგორც ზემოთ განვიხილეთ, უნდა მოხდეს კონკრეტული ფაქტებიდან და ობიექტურად დაუძლეველი გარემოებებიდან გამომდინარე საკითხის ურთიერთშეჯერება, შეფასება და შესწავლა. არსებობს რამდენიმე გამოსავალი ხანდაზმულობის ვადის გაშვების თავიდან არიდების, თუმცა ესეც საჭიროებს ობიექტურ გამოკვლევას. კერძოდ: იურიდიული მოქმედებების განსახორციელებლად შესაძლებელია წარმომადგენლის დანიშვნა და მისი მეშვეობით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

მაგალითისათვის, თუ პირი იმყოფება სავალდებულო კარანტინში და იქ ყოფნის განმავლობაში ეწურება სარჩელის შეტანის ვადა, ამისათვის მას შეუძლია დანიშნოს წარმომადგენელი და მისი მეშვეობით განახორციელოს იურიდიული ქმედება, ასევე დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სარჩელის წარდგენის შესაძლებლობა თითოეულ მოქალაქეს მიეცეს უფასოდ ელექტრონულად. პირი, რომელიც დადგენილ ვადაში არ შეიტანს სარჩელს იმ მიზეზით, რომ იგი იმყოფებოდა იძულებით კარანტინში და შეზღუდული ჰქონდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასეთ შემთხვევაში იგი ვალდებულია დაამტკიცოს წარმომადგენლის დანიშვნისა და სარჩელის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობა. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ წარმომადგენლის დანიშვნას საჭიროებს ნოტარიუსის ჩართულობა და საბედნიეროდ ტექნოლოგიების დახვეწისა და ელექტრონული მომსახურების გაუმჯობესების წყალობით, აღნიშნული მომსახურების გაწევა შესაძლებელია ინტერნეტის მეშვეობით. აღნიშვნას იმსახურებს მიღწევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს სარჩელი წარვადგინოთ ელექტრონულად, თუმცა მის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ელექტრონული ხელმოწერის არსებობა, ხოლო ამ უკანასკნელ პროცედურას ვერ შევასრულებთ, თუ არ გვაქვს სპეციალური ID-ბარათის წამკითხველი მოწყობილობა და არ ვიცით პინ კოდი. ყოველივე ამის, მტკიცების ტვირთი კი აკისრია თავად იმ პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ ის იმყოფება ფორსმაჟორულ მდგომარეობაში.

 

გისურჯვებთ ჯანმრთელობას!

შალვა ბუავა

სრულად
Jul 11, 2019

აკაკი ჩარგეიშვილის კომენტარი კერძო კაპიტალის ბაზართან დაკავშირებით.

ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის მმართველ პარტნიორს აკაკი ჩარგეიშვილ, როგორც ბიზნეს სამართლის ექსპერტსა და ანალიტიკოსს,  ინტერვიუ ჩამოართვა ბიზნესპრესნიუსმა ქვეყანის კერძო კაპიტალის ბაზართან დაკავშირებით.

აკაკი ჩარაგეიშვილის განცხადებით უკვე წლებია საქართველოში ვერც ერთმა კერძო კაპიტალზე დაფუძნებულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა რეალურად ფეხი ვერ მოიკიდა, რამდენადაც ქვეყნის საფინანსო სექტორში მხოლოდ ბანკები არიან განვითარებულები. რეალურად საქართველოს საფონდო ბირჟაც (თბილისის საფონდო ბირჟა) თავისი ინფრასტრუქტურით არის ბანკების ხელში. მიუხედავად იმისა, რომ კერძო კაპიტალის ფონდებზე ქვეყანაში მოთხოვნა ნამდვილად არსებობს და მას სერიოზული პერსპექტივაც გააჩნია.

ამასთან, აკაკი ჩარგეიშვილმა კერძო კაპიტალის საშუალებით განვითარების მაგალითად მოიყვანა ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Apple, Microsoft-ი, Bosch, Siemens და სხვა, რითაც ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით აქტიური სამუშაოების დაწყების აუცილებლობას. აკაკი ჩარგეიშვილმა ყურადღება გაამახცილა ბაზარზე მოქმედსინერჯი კაპიტალზე“, რომლის საქმიანობაც ანალიტიკოსების დაკვირვების ობიექტია. თუკისინერჯი კაპიტალიშეინარჩუნებს თავის პოზიციებს და უფრო მეტად განვითარდება, ეს იქნება მაგალითი ხელისუფლებისთვის, აჩვენოს ბანკებს, რომ კერძო კაპიტალის ფონდებზე მოთხოვნა არსებობს. მანსინერჯი კაპიტალისსაქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ მმართველობითი მენეჯერული შესაძლებლობების გამოყენებით თავის საქმიანობაში და ბაზარზეც საკუთარი ნიშა დაიკავა. „სამწუხაროდ, ამის მეტი საქართველოში კერძო კაპიტალის ფონდთან დაკავშირებით არაფერი არ ხდება“, - განაცხადა ჩარგეიშვილმა და დასძინა, რომ ამ ბაზრის განვითარება ქვეყნის საფინანსო სექტორისთვის, ბიზნესისთვის და რიგითი მოქალაქეებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

იხილეთ ლინკი:

https://www.bpn.ge/article/57896-tuki-sinerji-kapitali-upro-ganvitardeba-ikneba-magaliti-xelisuplebistvis-achvenos-bankebs-rom-kerzo-kapitalis-pondebze-motxovna-arsebobs

სრულად
Jun 4, 2018

სამომხმარებლო ფასების ზრდის გამომწვევი მიზეზების შეფასება

აკაკი ჩარგეიშვილი, როგორც ბიზნეს სამართლის ექსპერტი, მიწვეული იყო რადიო კომერსანტის  ეთერში სამომხმარებლო ფასების ზრდის არსებული ტენდენციის გამომწვევი მიზეზებისა და სიტუაციის შესაფასებლად.
აკაკი ჩარგეიშვილმა აღნიშნა, რომ ციფრები და სტატისტიკა, რომლებიც ადასტურებენ  ფასების მზარდი ტრენდის არსებობას, ასახავს დღევანდელ მდგომარეობას, თუმცა მნიშნველოვანია ის  მიზეზები და წარსულში განხორციელებული ქმედებები, რომლებმაც მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე. ელექტრო ენერგიის ფასის ზრდის დაწყებასთან ერთად წლების წინ ექსპერტების მიერ აღინიშნა, რომ ეს გამოიწვევდა სამომხმარებლო ფასების არა
მყისიერ, თუმცა, სექტორულ ზრდას. ელექტროენერგეტიკულ სექტორში საჭიროა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რომელიც ტარდება საზღვარგარეთიდან შემოტანილი დანადგარებით, გარდა ამისა, დადგმული იქნა 6 ქარის ელექტრო სადგური, რა საკვირველია, ამ დანადგარების შეძენა პირდაპირ კავშირშია დოლარის კურსთან. ლარის ინფლაციამ  დოლართან მიმართებით გაზარდა ელექტროენერგეტიკის სექტორში გაწეული ხარჯების ოდენობა, რამაც მოახდინა გავლენა ფასების სექტორულ ზრდაზე და შემდგომ ეს აისახა საბოლოო მომხმარებელზე, ვინაიდან ელექტრო ენერგიას იყენებენ საქართველოში არსებულ საწარმოებში იქნება ეს მცირე, საშუალო თუ დიდი ზომის. მეწარმისთვის გაზრდილი ფასით მიწოდებულმა ელენერგიამ, ობიექტურად გააძვირა საბოლოო პროდუქციის ღირებულება, როგორიცაა თუნდაც კვებითი რესურსები.

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ გაზის ტარიფი უფრო მაღალია კომერციულ სექტორში ვიდრე ინდივიდუალური მომხმარებლისთვის, ბიზნესები, რომლებიც დიდი ოდენობით ბუნებრივ აირს მოიხმარენ თავიანთ წარმოებაში ასევე იძულებული არიან გაზარდონ საბოლოო პროდუქციის ფასი, რათა მოგება იყოს წარმოების ხარჯის პროპორციული.
ფასების ზრდის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია ასევე საწვავზე არსებული აქციზის გადასახადი, რომელმაც მართალია ნამდვილად გაზარდა საბიუჯეტო შემოსავლები, თუმცა ამავდროულად გაზარდა იმ საბოლოო პროდუქციის ფასი, რომლის საწარმოებლად საჭიროა საწვავი.

აკაკი ჩარგეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბიზნეს სამართლის კუთხით არსებული პრობლემები იდენტიფიცირებულია, საუბრობენ ბევრს მათ აღმოფხვრაზე და არსებობს ამის ენთუზიაზმიც, რეალური ქმედებები, რომლებიც ნამდვილად გადაჭრიდა არსებულ პრობლემებს სამწუხაროდ არ ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული: 

https://www.youtube.com/watch?v=9DsH1vufaOc 

სრულად
May 27, 2018

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება

აკაკი ჩარგეიშვილი, როგორც ეკონომიკური სამართლის ექსპერტი, მიწვეული იყო გადაცემა ,,ობიექტივის დილაში" ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაციის შესაფასებლად.

ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ დღესდღეობით, სამწუხაროდ, არაერთი ეკონომიკური სექტორი მიძინებულია, თავად საზოგადოების იმ ნაწილის ყურადღებაც კი მოდუნებულია, რომელიც დაინტერესებულია კონკრეტული მიმართულებით კეთილდღეობის გაუმჯობესებით, რაც გამოწვეულია უმოქმედობით და აქამდე გამართული დისკუსიების უშედეგობით.  სამწუხაროდ, ქვეყნის ეკონომიკაში დიდი წილი უჭირავს საბანკო სექტორს, რომელსაც უკვე დაკანონებული აქვს არაპროფილური აქტივები. შედეგად, ბანკებს აქვთ ინტერესი ბიზნესის მოძლიერებულ მიმართულებებში, ხოლო იმ სექტორების პრობლემები, სადაც ჯერ კიდევ თავისუფალია ბიზნესი, არ არის სათანადოდ გამოკვლეული და სახემწიფო ცდილობს მათ საკაკნონმდებლო რეგულაციას ისე, რომ ამ რეგულაციების სუბიექტების ინტერესები არ არის გათვალისწინებული.

მართალია, გაზრდილია სოფლის მეურნეობის კუთხით ჩართულობა და ინვესტორების ინტერესი, რაც იგრძნობა კიდეც ქალაქიდან გასვლისთანავე, თუმცა სხვა სფეროები, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორიცაა ინდუსტრია, მცირე ბიზნესი, სერვისული განვითარება, საკონსტრუქციო განივითარება და სხვა დატოვებულია ყურადღების მიღმა.

აკაკი ჩარგეიშვილმა, საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, აგრეთვე ისაუბრა საფინანსო კომპანია საქართველოს გარშემო მიმდინარე მოვლენებზე და აღნიშნა, რომ დასანანია, რომ არაერთი ფატალური შემთხვევისა და პრობლემის იდენტიფიცირებიდან საკმაო დროის გასვლის მიუხედავად სახელისუფლებო ორგანოები არ იჩენენ სათანადო ყურადღებას აღნიშნული საკითხის მიმართ, რის გამოც ეს პროცესები უკვე 2 წელია მიმდინარეობს და ჯერ კიდევ გაურკვეველი რაოდენობის დაზარალებული ელოდება საკითხის გადაწყევტას გაჭირვებაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული: 

https://www.youtube.com/watch?v=rkHWHevN33E&feature=share 

სრულად
Apr 23, 2018

კომენტარი აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების მიერ კომერციულ ბანკებთან და ბიზნესებთან გამართულ შეხვედრებზე.

აკაკი ჩარგეიშვილი, როგორც ბიზნეს სამართლის ექსპერტი, მიწვეული იყო გადაცემა ბიზნეს კოდში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელების მიერ კომერციულ ბანკებთან და ბიზნესებთან ბოლო დროს გამართული შეხვედრების ანალიზისა და საფრთხეების შესაფასებლად. ბატონმა აკაკიმ აღნიშნა, რომ დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ ნიშანს წარმოადგენს სახელმწიფოს ინსტიტუციური განვითარება. საქართველოში კომერციულ ბანკებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია პარლამეტნის წანაშე, ხოლო აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შესაძლოა ჰქონდეს სარეკომენდაციო ხასიათის ურთიერთობები, რაც გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს. ეროვნულ ბანკს ორგანული კანონით აქვს დიდი ავტონომია მინიჭებული კომერციულ ბანკებთან მიმართებით, შესაბამისად რაიმე პრობლემის არსებობის შემთხვევაში სწორედ ეროვნული ბანკი უნდა ერეოდეს საკითხში. რაც შეეხება ბიზნესებს, აქაც არსებობს მთელი რიგი ინსტიტუციები და პლატფორმები იმისთვის, რომ ბიზნესთან დაკავშირებული საკითხები იქნას განხილული. რა საკვირველია, ბიზნესისთვის აღმასრულებელი ხელისუფლების კარი უნდა იყოს ღია, თუმცა ეს ეხება შესაბამის ორგანოებს, რომლებსაც აქვთ კანონით მინიჭებული კომპეტენცია. ასეთ პირობებში აღმასრულებლი ხელისუფლების წევრების არაიერარქიული ჩარევა სხვა ორგანოების უფლებამოსილებას დაქვემდებარებულ საკითხებში ქმნის არასასურველ გარემოს მთელი ქვეყნისთვის, საინვესტიციო კლიმატისთვის და აჩენს კითხვებს საზოგადოებაში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული: 

https://www.youtube.com/watch?v=y40IZrWPTOg&feature=share 

სრულად
Apr 10, 2018

აკაკი ჩარგეიშვილის კომენტარი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ მთავრობის ინიციატიავაზე

კონფლიქტების ეკონომიკური სამართლის სპეციალისტმა, ადვოკატმა და ეკონომისტმა აკაკი ჩარგეიშვილმა კომენტარი გააკეთა მთავრობის მიერ რამდენიმე დღის წინ  გაჟღერებულ კონცეფციაზე, რომელიც გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებას ისახავს მიზნად. მისი განცხადებით, ეს არის რეალური საშუალება არა სახელმწიფოებისათვის და პოლიტიკური მოღვაწეებისთვის, არამედ კონკრეტული ადამიანებისათვის კონკრეტული ურთიერთობების განხორციელებისათვის. რეალურად არსებობს სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობები და არსებობს აღურიცხავი, ჩრდილოვანი ეკონომიკა. დღეს რეალურად ხდება ადამიანების გადაადგილება, პროდუქციის გადატანა-გადმოტანა. აკაკი ჩარგეიშვილის აზრით ამ პროცესების იურიდიულ ჩარჩოებში მოქცევა ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული:

https://commersant.ge/?view=post&id=141423&lang_id=ge 

სრულად
Dec 30, 2017

2017 წლის შეფასება

აკაკი ჩარგეიშვილმა გადაცემა ობიექტივში 2017 წლის ქვეყნის ეკონომიკური სიტუაცია შეაფასა და ეკონომიკის ექსპერტის პოზიციიდან 2018 წლის ეკონომიკური პროგნოზი გააკეთა. ბატონმა აკაკიმ ისაუბრა ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და განიხილა როგორც საშინაო, ასევე საგარეო ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ეროვნული კურსის სტაბილურობაზე. ბატონმა აკაკიმ, როგორც საფინანსო კომპანია საქართველოს მიერ დაზარალებულთა ინტერესების წარმომადგენელმა, ისაუბრა აღნიშნული კოპმანიის გარშემო შექმნილი პრობლემებისა და მათ გადასაჭრელად ხელისუფლების მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული:
https://www.youtube.com/watch?v=GGJnaYYQgjY&t=511s

სრულად
Nov 8, 2017

აკაკი ჩარგეიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივაზე გააკეთა კომენტარი.

პრემიერ მინისტრის ინიციატივით საქართელოში 2016 წელს აშენებული ქარის ელექტრო სადგურების აქციების შეძენის შესაძლებლობა ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ფიზიკური და ირიდიული პირებისთვის. ბატონი აკაკის, როგორც ბიზნეს სამართლის სპეციალისტის, შეფასება პრემიერის ინიციატივის მიმართ მთლიანობაში დადებითი იყო, თუმცა მხოლოდ იმ პირობებში, რომ შესაბამისი საკანონმდებლო რეფორმები გატარდება, რომლებიც შექმნის ინიციატივის ეფექტური განხორციელების რეალურ შესაძლებლობას და აქციების თავისუფალი შეძენის შესაძლებლობას. ბატონმა აკაკიმ აგრეთვე ისაუბრა საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციებზე მათ შორის არა მარტო საბანკო სექტორთან, არამედ საფონდო ბირჟებთან, სადაზღვევო კომპანიებთან და სხვა რეგულირებად სექტორებთან მიმართებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:

https://www.youtube.com/watch?v=gaa4vmfO95s

სრულად
Sep 13, 2017

გამოხმაურება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 500 000 ლარზე მეტი ღირებულების ბიზნეს და საინვესტიციო დავებს განიხილავს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ოთხი მოსამართლე. გადაცემა ბიზნეს კოდში გადაწყვეტილების იურიდიული შედეგების შესაფასაებლად ბატონი აკაკი ჩარგეიშვილი იყო მიწვეული. ბატონმა აკაკიმ ისაუბრა გადაწყვეტილების ხარვეზებზე, კერძოდ იმაზე, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ბიზნეს და საინვესტიციო დავების ლეგალური დეფინიცია, რაც გაურკვევლობის მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს. გარდა ამისა აკაკი ჩარგეიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ქვეყნის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებისა და წახალისებისთვის გაწეული სახემწიფო დანახარჯებისა და გატარებული პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, მცირე და საშუალო ბიზნესების დავები კვლავ დროში გაჭიანურების პირბებში იქნება განხილული, რაც აფერხებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული:

 https://www.youtube.com/watch?v=j4fdo0mJQBM

სრულად
May 25, 2017

აკაკი ჩარგეიშვილის კითხვები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს

აკაკი ჩარგეიშვილმა საქართველოს პარლამენტში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას მიმართა კითხვებით ბატონ კობა გვენეტაძეს. მისი კითხვები ეხებოდა ეროვნული ბანკის, როგორც რეგულატორის, ფუნქციებს.

დამატებითიინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: 

https://www.youtube.com/watch?v=XViAa9KBA1k

სრულად
Apr 10, 2017

ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის ადვოკატები სასამართლოში საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერების ინტერესებს იცავენ

ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის პარტნიორები უჩა ქირია და აკაკი ჩარგეიშვილი წარმოადგენენ საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერების ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ თბილისის საფონდო ბირჟისთვის გაცემულ ლიცენზიასთან დაკავშირებით. დავის მიმართ არსებული დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე სასამართლო პროცესი გადაცემა „ბიზნეს კოდის“ მიერ იქნა გაშუქებული.

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული:

https://www.facebook.com/iberiatvbusinesscode/videos/1537723929572105/ 

სრულად
Feb 18, 2017

ტრენინგი სამეწარმეო სამართალში

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ, 2017 წლის 18 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის ჩაატარა მორიგი ტრენინგი თემაზე - “სამეწარმეო სამართალი“. ტრენინგს უძღვებოდა სიფას ექსპერტი - იურიდიული კომპანია „ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის” პარტნიორი - უჩა ქირია. ტრენინგების გეოგრაფიული დაფარვის არეალი მოიცავს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს. გასული ოთხი თვის განმავლობაში უკვე ჩატარდა სამემკვიდრეო, საოჯახო და საგადასახადო სამართალში, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში. ტრენინგების თემები შერჩეულ იქნა იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ. კვლევისას ადვოკატების გამოკითხვამ აჩვენა, რომ იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები გაფართოებული მანდატის ფარგლებში პროფესიული ცოდნის ამაღლებას საჭიროებენ სამოქალაქო სამართლის შემდეგ დარგებში: საოჯახო სამართალი, ვალდებულებითი სამართალი, სამემკვიდრეო სამართალი, საგადასახადო სამართალი, სამეწარმეო სამართალი, სამოქალაქო საპროცესო წარმოება პირველ ინსტანციაში. ტრენინგების ციკლი ტარდება გაეროს პროგრამის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

სრულად
Nov 18, 2016

ტრენინგი საგადასახადო სამართალში

2016 წლის 12 და 18 ნოემბერს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ ქ. თბილისში იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის ჩაატარა მორიგი ტრენიგნი საგადასახადო სამართალში. ტრენინგს უძღვებოდა სიფა-ს ექსპერტი საგადასახადო სამართალში, „ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი“-ის მმართველი პარტნიორი, ბატონი აკაკი ჩარგეიშვილი. 
ტრენინგების გეოგრაფიული დაფარვის არეალი მოიცავს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს და ჩატარდება მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში. ტრენინგების თემები შერჩეულ იქნა იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად. კვლევისას ადვოკატების გამოკითხვამ აჩვენა, რომ იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები გაფართოებული მანდატის ფარგლებში პროფესიული ცოდნის ამაღლებას საჭიროებენ სამოქალაქო სამართლის შემდეგ დარგებში: საოჯახო სამართალი, ვალდებულებითი სამართალი, სამემკვიდრეო სამართალი, საგადასახადო სამართალი, სამეწარმეო სამართალი, სამოქალაქო საპროცესო წარმოება პირველ ინსტანციაში. 
ტრენინგების ციკლი ტარდება გაეროს პროგრამის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

სრულად
Mar 24, 2015

შეხვედრა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით

2015 წლის 24 მარტს, სასტუმრო „ამბასადორში“, “საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის” ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა მოსამართლეებთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლებების განხილვის მიზნით. ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის წევრები “საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის” წევრი სხვა საადვოკატო ბიუროების იურისტებთან ერთად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებებზე 2014 წლის ოქტომბიდან მუშაობენ. ცვლილებების პროექტზე ადვოკატებს მოსაზრებები და შენიშვნები გაუზიარა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა, ვოშბორნის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორმა, რორი ბაჰადურმა.  სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებების ინიციატივა მხარეთა შეჯიბრებითობის უზრუნველყოფის მიზნით წამოიჭრა. შეთავაზებული ცვლილებების შედეგად პრაქტიკაში იქნება რეალიზებული პროცესის ეკონომიკურობის პრინციპი. ამ მიზნით დაიხვეწა მხარეთა ახსნა-განმარტების, მოწმის დაკითხვის და ექსპერტის დანიშვნის წესები. შემოთავაზებულია აგრეთვე ამერიკის სამოქალაქო საპროცესო კოდექსზე მოდელირებული დროებითი და ძირითადი უზრუნველყოფის ღონისძიებების დანერგვა. ასოციაციის წევრების ინიციატივაა, რომ მხოლოდ ადვოკატს გააჩნეს უფლება წარმოადგინოს მხარის ინტერესები პირველი ინსტანციის სასამართლოში. გამონაკლისი იქნება ის შემთხვევა, როდესაც პირს სურს თავად ან ოჯახის წევრის საშუალებით იყოს დაცული მისი ინტერესები პროცესზე. ადვოკატები აგრეთვე მიიჩნევენ, რომ თუ პროცესზე წარმოდგენილია მხარე და ადვოკატი, და მხარე ადასტურებს მის გვერდით მყოფი ადვოკატის წარმომადგენლობის უფლებამოსილებას, აღნიშნული საკმარისი უნდა იყოს მოსამართლისთვის, რომ დაადგინოს მხარის ნება და შესაბამისი ადვოკატის უფლებამოსილება. ამდენად, არ უნდა იყოს საჭირო მოსამართლისთვის დამატებით ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის წარდგენა. შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად ზუსტდება ადვოკატის ხარჯები, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევები, საქმის წარმოების განახლების ნორმები; დაიხვეწება მედიაციის და მორიგების მარეგულირებელი მუხლები.  ცვლილებების პაკეტის მოსამართლეებთან განხილვა მნიშვნელოვანია, რათა გათვალისწინებულ იქნას მათი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები, რითაც ადვოკატების მიერ შემუშავებული ცვლილებები დაიხვეწება, როგორც არსობრივად ისე ფორმულირების თვასლაზრისით. იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრები განაგრძობენ ცვლილებებზე მუშაობას და შემდგომ წარუდგენენ პროექტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს საპროცესო სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფს.  სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების სამუშაო პროცესს მხარი დაუჭირა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამამ“ (JILEP), რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთმართვის ინსტიტუტი.(EWMI)

სრულად