სიახლეები

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მოკლე მიმოხილვა.

კორონავირუსი სამართლებრივ ჩარჩოში.
მაშინ როცა საქართველო, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად ცდილობს მოთოკოს და ჩარჩოში მოაქციოს 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა - Covid19, მნიშვნელოვანია შეფასება მიეცეს მის სამართლებრივ ჩარჩოს და გაანალიზდეს რა შედეგებს იქონიებს იგი ბიზნესის და საბოლოო ჯამში ქვეყნის ინტერესებზე.


სახელშეკრულებო ურთიერთობები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იცნობს დაუძლეველი ძალის ცნებას, რომელსაც ხშირად იურისტები ფორს-მაჟორს უწოდებენ. იგი შესაძლოა რიგ შემთხვევებში გახდეს ხანდაზმულობის ვადის შეჩერების, გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობების მოშლის, ხელშეკრულების შეწყვეტის თუ სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძველი.
საერთაშორისო ინსტურმენტების თანახმად, ფორს მაჟორი არის:
ა) განსაკუთრებული ხასიათის დამაბრკოლებელი გარემოება
ბ) იგი არის მხარეთა კონტროლს მიღმა
გ) მისი წინასწარ გაჭვრეტა მხარეთათვის შეუძლებელია
დ) იგი შესრულებას ხდის ობიექტურად შეუძლებელს
საქართველოს სასამართლო პრაქტიკა განსაზღვრავს, რომ ფორს-მაჟორი ეს არის გარემოება, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია. ამასთან დაუძლეველი ძალის შეფასების დროს მნიშვნელობა ენიჭება კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობას, თუ რამდენად შეუძლებელი იყო მხარის ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დაუძლეველი ძალის გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილება. თუ კი არსებობს ასეთი გარემოებები, ხელშეკრულების მხარეს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება ამისთვის ხელშეკრულებით დადგენილი ვადის დაუცველად. 2020 წლის 30 იანვარს მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაციამ Covid19-თან დაკავშირებით გამოაცხადა საერთაშორისო მნიშვნელობის საჯარო ჯანმრთელობის გადაუდებელი მდგომარეობა, ხოლო 2020 წლის 11 მარტს - პანდემია. ის, რომ მისი გამომწვევი მიზეზების თავიდან არიდება რომელიმე სახელშეკრულებო ურთიერობის მხარეთა ძალისხმევით შეუძლებელი იქნებოდა, ეჭვს არ ბადებს. თუმცა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების მიხედვით, დაუძლეველი ძალის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას. დაუძლეველ ძალასა და ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა მტკიცებას საჭიროებს. ამასთან, იგი ავტომატურად არ წარმოადგენს ვალდებულების შესრულებისაგან პირის გათავისუფლების საფუძველს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია Covid19-ის თქვენს ბიზნესზე გავლენის შეფასება კონკრეტულ შემთხვევის მიხედვით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, ხელშეკრულების ტექსტში მოცემულ ფორმულირებას.


ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლი ითვალისწინებს, ხელშეკრულების დადების განმაპირობებელი გარემოებების ცვლილების შემთვევაში, მხარის მიერ ხელშეკრულების ამ შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების მოთხოვნას. შესაბამისად, თუ კი Covid19 მნიშვნელოვნად ამძიმებს თქვენ მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, თქვენ შესაძლოა, მოითხოვოთ ხელშკერულების პირობების გადახედვა. ამ შემთხვევაში, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა მიერ მოლაპარაკების პროცესის სწორად წარმოებას.
უზენაესმა სასმართლომ დაადგინა კრიტერიუმები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მოთხოვნა შესაძლოა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული:
1. შეცვლილმა გარემოებებმა უნდა გამოიწვიოს ვალდებულების შესრულების უკიდურესი დამძიმება;
2. გარემოება აშკარად უნდა შეიცვალოს ხელშეკრულების დადების შემდეგ;
3. გარემოებების შეცვლის გონივრულად გათვალისწინება ხელშეკრულების დადების დროს შესაძლებელი არ უნდა იყოს, ანუ შეცვლილი გარემოებები არ უნდა შედიოდეს დაზარალებული მხარის კონტროლის სფეროში;
4. ხელშეკრულებით არ უნდა იყოს გათვალისწინებული გარემოებების შეცვლის რისკის დაზარალებული მხარისათვის დაკისრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელშეკრულებო პირობა მოქმედებს და 398-ე მუხლის გამოყენება დაუშვებელია;
5. ხელშეკრულების შესრულების გართულება გამოწვეული უნდა იყოს სწორედ აშკარად შეცვლილ გარემოებათა გამო, ანუ არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.


შრომითი ურთიერთობები
მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა გააცნობიეროს მასზე დაკისრებული სოციალური პასუხისმგებლობა და დასაქმებულთა ინტერესები. თუმცა, Covid19-მა ზოგი ბიზნესის ოპერირება სრულად შეაჩერა ან მნიშვნელოვნად დაამძიმა. რა შემთხვევაშიც, შესაძლოა კომპანიის დიდი სურვილის მიუხედავად, შეინარჩუნოს თანამშრომლები და ამ მძიმე სოციალურ სიტუაციაში უზრუნველყოს ისინი ყოველთვიური ანაზღაურებით, ბიზნესი იძულებული გახდეს იფიქროს შრომითი ურთიერთობების შეჩერება/შეწყვეტაზე.
შრომითი ურთიერობით შეჩერების შესაძლო გზას წარმოადგენს ანაზღაურებადი ან არაანაზღაურებადი შვებულება. დასაქმებულისთვის შრომის კოდექსით უზრუნველყოფილია 24 სამუშაო დღიანი ანაზღაურებადი შვებულება, ხოლო არაანაზღაურებადი - მინიმუმ 15 სამუშაო დღე, რაც შესაძლოა მხარეთა შეთანხმებით გაგრძელდეს. რეკომენდირებულია შვებულების შესახებ მხარეთა მოლაპარაკება, იმგვარად რომ გათვალისწინებული იყოს, როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულის ინტერესები, რათა შემდგომში არ დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი.
შრომითი ხელშეკრულების შეჩერება, როგორც ბიზნესისთვის ასევე დასაქმებულისთვის წარმოადგენს უკეთეს ალტერნატივას, ვიდრე ხელშეკრულების
შეწყვეტა. რადგან ამ უკანასკნელ შემთხვევაში ერთი მხრივ დასაქმებული კარგავს სამსახურს, ხოლო დამსაქმებელი ვალდებულია გადაუხადოს მას კომპენსაცია თუ კი გათავისფულების საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.


საპროცესო ურთიერთობები
მართალია, Covid19-მა, როგორც ფორმსაჟორულმა ძალამ, შესაძლოა შეაჩეროს ხანდაზმულობის ვადის დინება, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ დაუძლეველი ძალა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ავტომატურად არ იწვევს ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას და მსგავს დაკვაშირებულ შედეგებს. არამედ აღნიშნული ფასდება ობიექტური კრიტერიუმებით. დღეის მდგომარეობით შესაძლებელია სარჩელის შეტანა ელექტრონულად, ელექტრონული სასამართლოს ვებ-გვერდზე შესაბამისი ანგარიშის არსებობის შემთხვევაში, რაც შესაძლებელს ხდის სარჩელის შეტანას გამოცხადებული საგანაგებო მდგომარეობის პირობებშიც.

სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი იურიდიული ფირმა დისტანციურ რეჟიმში რჩება თქვენთვის ხელმისაწვდომი. კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით.


გისურვებთ ჯანმრთელობას.
ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი
მომზადებულია ჩარგეიშვილის სადვოკატო დარბაზის ადვოკატის თამთა ჯღარკავას მიერ.